ფოტილი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება ან ჯგუფის დასახელება:

პილოკარპინი  + თიმოლოლი

წამლის ფორმა:

თვალის წვეთები

შემადგენლობა:

პრეპერატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

პილოკარპინის ჰიდროქლორიდი 20 მგ; თიმოლოლის მალეატი 6,84 მგ (თიმოლოლის 5 მგ - ის ექვ.)

დამხმარე  ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ჰიპრომელოზა, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება  (M – ქოლინომიმეტიკი და ბეტა - ადრენობლოკატორი)

ATX (ათქ) კოდი: [S01EB51]

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

თვალის წვეთები ფოტილი®ფორტე ორ აქტიურ კომპონენტს შეიცავს. პილოკარპინი წარმოადგენს პარასიმპათომიმეტიკურ საშუალებას, რომელიც იწვევს მიოზს, აკომოდაციის სპაზმს და ამცირებს თვალშიდა წნევას. თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა-ადრენობლოკატორს, რომელიც ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირების ხარჯზე.

მიღების ჩვენებები:

გლაუკომა ან მომატებული თვალშიდა წნევა, როდესაც საჭიროა თიმოლოლის და პილოკარპინის კომბინაცია.

  • ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა;
  • მეორადი გლაუკომა;
  • თვალშიდა წნევის მომატება ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.

უკუჩვენება:

  • წინა უვეიტი;
  • სინუსური ბრადიკარდია;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
  • გულის სინოაურიკულური ბლოკადა;
  • II-III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა, რომლის კონტროლირება ვერ   ხერხდება რითმის წამყვანით;
  • გამოხატული გულის უკმარისობა;
  • კარდიოგენური შოკი;
  • სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები,ბრონქული ასთმის ჩათვლით ან  ანამნეზში ბრონქული ასთმა;
  • ფილტვების მძიმე, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბავშვთა ასაკი 18 წლამდე ( ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო );
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების (თიმოლოლის მალეატი/პილოკარპინის ჰიდროქლორიდი) ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • უშუალოდ ოფთალმოლოგიური ოპერაციების და თვალის სხვა დაავადებების შემდგომი მდგომარეობა, როდესაც გუგის შევიწროება არასასურველია.

სიფრთხილით:

გულის უკმარისობის, ცერებროვასკულური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერგლიკემიის, ბადურას ჩამოცლის დროს, ახლომხედველ პაციენტებში, თირეოტოქსიკოზის დროს და ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციების წინ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში თიმოლოლის ან პოლოკარპინის გამოყენების შესახებ. ფოტილი®ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მისი გამოიყენება აუცილებელია. ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ გამოვლინდა ბეტა–ბლოკატორების გავლენა ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარების კუთხით (ტერატოგენული ეფექტი), თუმცა პერორალური მიღებისას აღინიშნა საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. ბეტა–ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრეს–სინდრომი, ჰიპოგლიკემია) აღინიშნებოდა ახალშობილებში, თუ ბეტა–ბლოკატორების მიღება ხდებოდა მშობიარობამდე. იმ შემთხვევაში თუ  ფოტილი®ფორტეს მიღება უშუალოდ მშობიარობის წინ მოხდა, ახალშობილები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ლაქტაცია: ბეტა–ბლოკატორების გამოყოფა ხდება დედის რძით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, დედის რძეში თიმოლოლი იმ რაოდენობით იყოს, რომ ახალშობილში გამოიწვიოს ბეტა–ბლოკადის კლინიკური სიმპტომები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივი დოზირება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღე–ღამეში 2-ჯერ. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატით ფოტილი®  გამოწვეული თვალშიდა წნევის მდგრადი შემცირება მიიღწევა მხოლოდ რამოდენიმე კვირის შემდეგ, ამიტომ თერაპიის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. თუ თვალის წვეთებით ფოტილი® მკურნალობისას პაციენტის თვალშიდა წნევა მომატებული რჩება, რეკომენდებულია გააგრძელოთ მკურნალობა თვალის წვეთებით ფოტილი® ფორტე - 1 წვეთი დღეში-ღამეში 2- ჯერ. პრეპარატის სისტემური აბსორბცია მცირდება ცხვირ–საცრემლე არხის ოკლუზიით ან 2 წუთით ქუთუთოების დახუჭვით. შედეგად მცირდება სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი და ძლიერდება ადგილობრივი ეფექტი.

თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:

  • დაიბანეთ ხელები
  • მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).

თვალის წვეთების გამოყენება:

  • გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ მოკიდოთ ხელი.
  • თავი გადაწიეთ უკან.მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
  • ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის ფონზე ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები.
  • დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე გზებში, გაიზრდება ეფექტურობა და შემცირდება არასასურველი სისტემური ეფექტების განვითარების რისკი. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

გვერდითიმოვლენები:

თიმოლოლის მალეატი -

მსგავსად სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატებისა, თიმოლოლი აბსორბირდება ცენტრალურ სისხლის მიმოქცევის სისტემაში. აღნიშნულის გამო შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები, ისეთი როგორიც აღინიშნება ბეტა–ადრენობლოკატორების სისტემურად მიღებისას. სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია ადგილობრივად ოფთალომოლოგიური გამოყენების დროს, ვიდრე სისტემური მიღებისას. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დამახასიათებელია ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ბეტა–ადრენობლოკატორების ყველა ჯგუფისთვის.

თვალისმხრივ:თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები (წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე), ბლეფარიტი, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა და თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ჩამოცლა ფილტრაციული ოპერაციის შემდეგ (იხ. ნაწილი <<განსაკუთრებული მითითებები>>), რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, თვალის სიმშრალე, რქოვანას ეროზია, პტოზი, დიპლოპია.

იმუნური სისტემა: სისტემური ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით (კვინკეს შეშუპება), ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები.

მეტაბოლური დარღვევები: ჰიპოგლიკემია.

ფსიქიური დარღვევები: უძილობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, გონების დაკარგვა.

ნერვული სისტემა:  გულის წასვლა, ცერებროვასკულური დარღვევები, თავის ტვინის იშემია, მიასთენია გრავის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის გაძლიერება, თავბრუსხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი.

გულის მხრივი დარღვევები: ბრადიკარდია, ტკივილი მკერდის არეში, პალპიტაცია, შეშუპება, არითმია, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპოტონია, რეინოს სინდრომი, ხელების და ფეხების გაციება.

სუნთქვითი დარღვევები:  ბრონქოსპაზმი, (უპირატესად პაციენტებში ბრონქოსპასტიური დაავადებით ანამნეზში), ქოშინი, ხველა.

კუჭ–ნაწლავის გაღიზიანება:  გემოს გაუკუღმართება, გულისრევის შეგრძნება, დისპეპსია, დიარეა, პირის სიმშრალე, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება.

კანი და კანქვეშა ქსოვილი: ალოპეცია, ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება, კანზე გამონაყარი.

ძვალ–კუნთოვანი სისტემა: კუნთების ტკივილი.

რეპროდუქციული სისტემა: სექსუალური დისფუნქციები, ლიბიდოს დაქვეითება.

ზოგადი დარღვევები: ზოგადი სისუსტე/გადაღლა.

პილოკარპინის ჰიდროქლორიდი -

თვალის მხრივ: ბადურის ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ცილიარული კუნთის სპაზმი, ინდუცირებული ახლომხედველობა, არასაკმარისი განათების პირობებში მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მიოზის შედეგად), ფერადი გარსის რიგიდულობა ან ფერად გარსში კისტის ფორმირება აღინიშნა მიოტური საშუალებების გამოყენების ფონზე. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე ბროლის შექცევადი შემღვრევა აღინიშნა.

სისტემური: გულისრევა, დიარეა, ოფლიანობა, მომატებული ნერწყვის გამოყოფა, არტერიული წნევის დაქვეითება, საფეთქლის და სუპრაორბიტალური თავის ტკივილი.

დოზის გადაჭარბება:

პარასიმპათომიმეტური პრეპარატების და ბეტა - ადრენობლოკატორების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ყველაზე ზოგადი სიმპტომები: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ატროპინი შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც პილოკარპინის ანტიდოტი. იზოპრენალინის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად გამოხატული ბრადიკარდიის ან ბრონქოსპაზმის ასაცილებლად, დობუტამინი არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები:

არანაირი სპეციფიური კვლევა არ ჩატარებულა თიმოლოლის და პილოკარპინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების რეაქციების განვითარების შესახებ.

პრეპარატები,  რომლებიც არღვევენ კატექოლამინების (რეზერპინი) დეპონირებას, ხელს უწყობენ არტერიული ჰიპოტენზიის (მათ შორის ორთოსტატული), ბრადიკარდიის და თავბრუსხვევის განვითარებას. ადრენალინის (ეპინეფრინი) შემცველი თვალის წვეთების და თიმოლოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მიდრიაზი (გუგის გაფართოება).

ბეტა - ადრენობლოკატორების, სისტემური მოქმედების „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკატორების, ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებების (ამიოდარონის ჩათვლით), სათითურას გლიკოზიდების, პარასიმპატომიმეტიკების და გუანეტიდინის ერთდროული გამოყენება იწვევს მათი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას და ზრდის გულის გამტარობის და არტერიული ჰიპოტენზიის დარღვევების განვითარების რისკს. არსებობს მონაცემები თიმოლოლის და CYP2D6 ინჰიბიტორების (მაგალითად, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) ერთდროული გამოყენების ფონზე სისტემური გვერდითი რეაქციების (გულის შეკუმშვების სიხშირის დაქვეითება, დეპრესია) განვითარების რისკის გაზრდის შესახებ. რადგანაც CYP2D6 ინჰიბიტორებს  შეუძლიათ გაზარდონ თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები:

სხვა თვალის წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ დაიწყება თერაპია პრეპარატით ფოტილი® ფორტე: წინა ანტიგლაუკომური საშუალება უნდა მოიხსნას, ხოლო თერაპია პრეპარატით ფოტილი® ფორტე  უნდა დაიწყოს მეორე დღეს.

მოქმედების ეფექტურობის შეფასება უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ, თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლით.

შემდგომი მკურნალობა ასევე უნდა ჩატარდეს თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლის განხორციელებით.

მსგავსად სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატებისა, თიმოლოლის მალეატი და პილკარპინის ჰიდროქლორიდი აბსორბირდება სისტემურად. ადგილობრივი გამოყენების ბეტა–ბლოკატორებმა, როგორიცაა თიმოლოლი შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები გულსისხლძარღვთა, ფილტვის და სხვა სისტემების მხრივ, ისევე როგორც ბეტა–ადრენობლოკატორების სისტემურად გამოყენების დროს. სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია ბეტა–ბლოკატორის შემცველი თვალის წვეთების გამოყენების ფონზე, ვიდრე სისტემური მიღებისას:

გულის დაავადებები: განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განიხილებოდეს ბეტა–ბლოკატორებით მკურნალობის საკითხი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ–სისხძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა) და არტერიული ჰიპოტენზია. სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულაცია შესაძლოა არსებით ფაქტორს წარმოადგენდეს სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებისთვის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის  დაქვეითებული კუმშვადობის უნარი, და მისმა ინჰიბირებამ ბეტა–ბლოკატორებით შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის დეკომპენსაცია. აგზნების გატარების დროზე უარყოფითი გავლენის გამო ბეტა–ბლოკატორები სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს, რომელთაც გულის ბლოკადის პირველი დონე აღენიშნებათ. გულ–სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებელია დაავადების სიმპტომების გაუარესების და გვერდითი რეაქციების მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა.

სისხლძარღვოვანი დაავადებები: პერიფერიული ცირკულატორული დარღვევების/დაავადებების (რეინოს დაავადების მძიმე ფორმა ან რეინოს სინდრომი) მქონე პაციენტთა მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

სუნთქვითი ფუნქციის დარღვევა: არსებობს მონაცემები რესპირატორული რეაქციების განვითარების შესახებ, ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილობის ჩათვლით, ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში ბეტა–ბლოკატორის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული  ფოტილი® ფორტე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და საშუალო დონის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს.

ჰიპოგლიკემია/დიაბეტი: სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბეტა–ბლოკატორები პაციენტებში, რომლებიც სპონტანური ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხის წინაშე არიან ან არასტაბილური დიაბეტი აღენიშნებათ. ბეტა–ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის, ჰიპერთირეოზის ნიშნები და სიმპტომები.

რქოვანას დაავადებები: ოფთალმოლოგიურმა ბეტა–ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის სიმშრალე. რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

სხვა ბეტა–ბლოკატორები: თვალშიდა წნევაზე ზეგავლენა ან ბეტა–ბლოკატორების ნაცნობი სისტემური ეფექტი შესაძლოა პოტენცირდეს, როდესაც პაციენტი უკვე ღებულობს სისტემური მოქმედების ბეტა–ბლოკატორს. აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული მეთვალყურეობა. არ არის რეკომენდებული ერთდროულად ორი, ადგილობრივი მოქმედების ბეტა–ადრენობლოკატორის გამოყენება (იხ. ნაწილი <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>).

ანაფილაქსიური რეაქციები: პაციენტებს, რომლების ღებულობენ ადგილობრივი მოქმედების ბეტა–ბლოკატორებს და ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე, შესაძლოა უფრო რეაქტიულად რეაგირებდნენ ალერგენის განმეორებით შეყვანაზე და ანაფილაქსიური რეაქციის მკურნალობისას არ ჰქონდეთ საპასუხო რეაქცია ადრენალინის ჩვეულ დოზაზე.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ჩამოცლა: აღწერილია თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ჩამოცლის შემთხვევები ფილტრაციული ოპერაციის შემდგომ იმ სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომელებიც აფერხებენ თვალშიდა სითხის გამომუშავებას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი).

ქირურგიული ანესთეზია: ოფთალმოლოგიურმა ბეტა–ბლოკატორებმა შესაძლოა სისტემური მოქმედების ბეტა–აგონისტების ბლოკირება მოახდინოს, მაგალითად ადრენალინის. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ფოტილი® ფორტეს ღებულობს.

სისტემური აბსორბციის შემცირების მეთოდი, იხ. ნაწილი <<გამოყენების მეთოდი და დოზა>>.

თვალის წვეთები ფოტილი® ფორტე კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის გამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

მიოტურმა ეფექტმა შეიძლება გამოწვიოს მხედველობის ხანმოკლე გაუარესება (ახლომხედველობის შეგრძნება), ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვის ან ნებისმიერი რთული მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა:

ფოტილი® ფორტე, თვალის წვეთები 40 მგ + 5 მგ / მლ

5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში, პლასტიკური საცობით   დახრახნილი ხუფით. ფლაკონ-საწვეთური პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. ფლაკონის გახსნიდან - 1 თვე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე  მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 2 დან 8 º C-მდე  ტემპერატურაზე.

გახსნილი ფლაკონი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 º C.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:

სს "სანტენ"

ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country